brenȝan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი ზმნა
(ნამყ. brohte; მიმღ. II broht) = brinȝan
პარადიგმა

4.6. არაწესიერი ზმნები ანგლოსაქსურში

4.6.1. საკუთრივ არაწესიერი ზმნები ანგლოსაქსურში

ამ კატეგორიის ზმნებს ძველინგლისურ ენაში ახასიათებდა სხვადასხვა სახის ანომალიები აწმყო და/ან ნამყო დროის ფორმათა წარმოებაში. ამგვარ ანომალიურობას სხვადასხვა წარმომავლობა აქვს. ზოგიერთი ასეთი არაწესიერი / ანომალიური ზმნა საერთოგერმანიკული / პროტოგერმანიკულ წარმოშობისაა, ზოგიერთის თავისებურებანი კი უფრო გვიანდელი პერიოდის (დასავლეთგერმანიკული ან საკუთრივ ანგლოსაქსური ხანის) მოვლენა ჩანს.

(ა) ზმნა dón (ნამყ. დრ. მხ. რ. dyde; მიმღ. II dón, dén) (კეთება).

ამ ზმნის აწმყო დროისა და ნამყო დროის ფუძეების ურთიერთდამოკიდებულება ბოლომდე გარკვეული არ არის. შესაძლოა ნამყოს ფუძეში რედუპლიკაციასთან გვქონდეს საქმე. ივარაუდება აგრეთვე ამ ზმნის კავშირი სუსტი უღლების ნამყო დროის ფორმათა მაწარმოებელ დენტალურ სუფიქსთან (შდრ. ძვ. ინგლ. dydon, ძვ. საქს. dâdun, dedun (გააკეთეს) და გოთ. nasidēdun (გადაარჩინეს), სადაც პარალელიზმი ზმნის ანგლოსაქსურ/ძველინგლისურ და ძველსაქსურ ფორმებსა და გოთურ დენტალურ სუფიქსს შორის თვალში საცემია).

ქვემოთ მოყვანილია ზმნა dón-ის უღლების პარადიგმა.

dón (კეთება, გაკეთება)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ.
მე-2 პირი მხ. რ. dést
მე-3 პირი მხ. რ. déþ
მრ. რ. dóþ
კავშირებითი კილო
მხ. რ.
მრ. რ. dón
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ.
მე-2 პირი მრ. რ. dóþ

მიმღეობა I
dóende, dónde

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. dyde
მე-2 პირი მხ. რ. dydest
მე-3 პირი მხ. რ. dyde
მრ. რ. dydon
კავშირებითი კილო
მხ. რ. dyde
მრ. რ. dyden

მიმღეობა II
(ȝe)dón, (ȝe)dén

(ბ) ზმნას brenȝan (აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი პირი brenȝe, მე-2 პირი brenȝ(e)st, მე-3 პირი brenȝ(e)þ, brencþ, მრ. რ. brenȝaþ; ნამყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი brohte, მე-2 პირი brohtest, მრ. რ. brohton; მიმღ. II broht) (მოტანა) ახასიათებს ნამყ. დრ.-ის ფორმათა წარმოება ხმოვანმონაცვლეობით -e- / -o- [< *-i- / -a-] (ძლიერ ზმნათა მსგავსად) და ამავე დროს დენტალური სუფიქსის (-te-, -t-) დართვა (სუსტ ზმნათა მსგავსად). ამავდროულად, ნამყო დროის ფორმებში იკარგება ბგერა [-ŋ-], ხოლო თანხმოვანი -ȝ- გადადის -h- ში [-x-]. შდრ. ანალოგიური გოთურში: briggan (მოტანა) , brāhta (მოვიტანე; მოიტანა) და brāhtedun (მოიტანეს).

(გ) გარდაუვალი ზმნა búan (ნამყ. დრ. búde, მიმღ. II ȝebún) (ბინადრობა, ცხოვრება) გამოირჩეოდა უღლების პარადიგმაში ფორმაწარმოების გარკვეული ანომალიურობით: აწმყ. დრ.-ის მხ. რ.-ის 1-ლ პირში გვაქვს búe, მე-2 პირში búst, მე-3 პირში býþ; ნამყ. დრ. მხ. რ. და მრ. რ. შესაბამისად búde და búdon; მიმღ. II ȝebún ან ȝebúd. ითვლება, რომ ანგლოსაქსური búan (ისევე როგორც მისი გოთური ეტიმოლოგიური შესატყვისობა bauan (ბინადრობა)) თავდაპირველად რედუპლიკაციური ზმნა უნდა ყოფილიყო.

(დ) ზმნა willan (აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი wille, wile, მე-2 პირი wilt, მრ. რ. willaþ; ნამყ. დრ. wolde, walde; მიმღ. I willende) (ნდომა, სურვილი). ამ ზმნის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს კავშირებითი კილოს ფორმების ხმარება თხრობით კილოში (შდრ. ანალოგიური გოთ. ზმნ.-ში wiljan). ამით აიხსნება დაბოლოების არარსებობა მხ. რ.-ის მე-3 პირში (და შესაბამისად -s დაბოლოების არარსებობა თანამედრ. ინგლ. ზმნ. will-ის მხ. რ.-ის მე-3 პირში). აღნიშვნის ღირსია აგრ. პროტოგერმანიკული ნამყ. დრ.-ის მხ. რ.-ის მე-2 პირის დაბოლოების -t არსებობა ძვ. ინგლ. (და აგრ. თანამედრ. ინგლ.) ფორმაში wilt (გინდა, გსურს), რაც ამ ძველინგლისურ ზმნას პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებთან აახლოებს.

4.6.2. არაწესიერი სუპლეტიური ზმნები ანგლოსაქსურში

ანგლოსაქსურში, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ენაში, გვხვდება სუპლეტიური ზმნები, ანუ ზმნები, რომელთა პარადიგმაშიც სხვადასხვა ძირის ფორმებია წარმოდგენილი (როგორც მაგ. (to) go, went ან (to) be, is, are, were ფორმები თანამედროვე ინგლისურში). ქვემოთ მოყვანილია ყველაზე მნიშვნელოვანია ძვ. ინგლ. სუპლეტიური ზმნები.

(ა) ისტორიულად დამოუკიდებელი ზმნების wesan და béon (ყოფნა, არსებობა) მნიშვნელობები ანგლოსაქსურში თითქმის მთლიანად ემთხვეოდა ერთმანეთს და ისინი პრაქტიკულად ერთ პარადიგმაში იყვნენ გაერთიანებული.

აღსანიშნავია, რომ ანგლოსაქსური ერთადერთი გერმანიკული ენაა, რომელსაც *beu-, *beo- ძირის სრული პარადიგმა ჰქონდა წარმოდგენილი აწმყო დროში. სხვ. გერმანიკულ ენებში „ყოფნა“ ზმნის პრეზენსის პარადიგმებში ამ ძირის მხოლოდ ცალკეული ფორმები გვხვდება (შდრ. თანამედრ. გერმ. bin (ვარ), bist (ხარ), მაგრამ ist (არის), seid (ხართ), sind (არიან)).

აწმყო დრო

wesan béon
(ყოფნა, არსებობა)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. eom, am béo, bíom
მე-2 პირი მხ. რ. eart bist, bis
მე-3 პირი მხ. რ. istd bið
მრ. რ. sint, sindon
earon, aron
béoð
კავშირებითი კილო
მხ. რ. sý, sí béo
მრ. რ. sýn, sín béon
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. wes béo
მე-2 პირი მრ. რ. wesaþ béoþ

მიმღეობა I
wesende béonde

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. wæs -
მე-2 პირი მხ. რ. wǽre -
მე-3 პირი მხ. რ. wæs -
მრ. რ. wǽron -
კავშირებითი კილო
მხ. რ. wǽre -
მრ. რ. wǽren -

(ბ) ანგლოსაქსური ზმნა ȝán (ნამყ. დრ. éode, მიმღ. II (ȝe)ȝan) (სვლა, სიარული) სუპლეტიურად აწარმოებს ნამყო დროის ფორმებს. შდრ. ანალოგიური გოთურში: gaggan (სვლა), gaggiþ (მიდის), iddja (მიდიოდა).

ქვემოთ მოყვანილია ზმნა ȝán-ის უღლების პარადიგმა.

აწმყო დრო

ȝán (სვლა, სიარული)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. ȝá
მე-2 პირი მხ. რ. ȝǽst
მე-3 პირი მხ. რ. ȝǽþ
მრ. რ. ȝáþ
კავშირებითი კილო
მხ. რ. ȝá
მრ. რ. ȝán
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. ȝá
მე-2 პირი მრ. რ. ȝáþ

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. éode
მე-2 პირი მხ. რ. éodest
მე-3 პირი მხ. რ. éode
მრ. რ. éodon
კავშირებითი კილო
მხ. რ. éode
მრ. რ. éoden

მიმღეობა II
(ȝe)ȝán

ზმნა (to) go თანამედროვე ინგლისურშიც სუპლეტიურად რჩება, იმ განსხვავებით, რომ ნამყო დრო wend- ძირისგან იწარმოება: I, you, he, she, etc. went (წავედი), (წახვედი), (წავიდა) და ა.შ.