4.1.7. - VII კლასი
ძლიერ ზმნათა მე-7 კლასში შედის ზმნები, რომლებიც პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ნამყო დროს ფუძის გაორმაგებით (რედუპლიკაციით) აწარმოებდნენ. (შდრ. გოთ. háitan [ʹhaɪtan] (დაძახება, წოდება) და haíháit [ʹhɛhaɪt] (დაუძახა, უწოდა)).
ანგლოსაქსურში რედუპლიკაციის კვალი მხოლოდ ზოგიერთი ზმნის ნამყო დროის ფორმებშია შემორჩენილი: მაგ. héht ზმნიდან hátan (დაძახება, წოდება; ბრძანება); léolc ზმნიდან lácan (თამაში; (მუსიკის) დაკვრა); réord ზმნიდან rǽdan (რჩევა); ondreord ზმნიდან ondrǽdan (შიში, შიშის ქონა); léort (< *leolt) ზმნიდან lǽtan (ნების დართვა; დატოვება).
ანგლოსაქსური ზმნების მე-7 კლასში ძირითადად გამოირჩევა ორი ვარიანტი: ვარიანტი, სადაც -é- გვხვდება ნამყო დროის ორივე ფუძეში; და ვარიანტი, სადაც ნამყო დროის ორივე ფუძეში -éo- გვხვდება.
გარდა ამისა, მე-7 კლასში შედის ზმნები (fón, hón – იხ. ქვემოთ) რომლებშიც ადგილი აქვს ხმოვნის კონტრაქციას h-ის ამოვარდნის შედეგად და თანხმოვანთა მონაცვლეობას ვერნერის კანონის მიხედვით.
VII კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II |
დაძახება, წოდება | hátan | héht, hét | héhton, héton | háten |
დაცემა, დავარდნა | feallan | féol, féoll | féollon | feallen |
დაჭერა; ხელის ჩავლება | fón | fénȝ | fénȝon | fanȝen, fonȝen |
დაკიდება | hón | hénȝ | hénȝon | hanȝen, honȝen |