4.5. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები
პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები ეწოდება ზმნებს, რომელთა აწმყო დროის ფორმებიც თავისი წარმომავლობით ნამყო დროის (კერძოდ, პროტოგერმანიკული/ინდოევროპული პერფექტის) ფორმებს წარმოადგენს. აწმყო დროის ხსენებული ფორმები ძლიერ ზმნათა ნამყო დროის მსგავსად არის ნაწარმოები; პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნათა ნამყო დროის ფორმათა წარმოება კი სუსტი ტიპის მიხედვით, ანუ დენტალური სუფიქსის გამოყენებით ხდება.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევებში (ფუძის მაწარმოებელი სუფიქსის არარსებობის შედეგად) პრეტერიტო-პრეზენსული ზმნის ძირისა და აღნიშნული დენტალური სუფიქსის ურთიერთშეჯახება მათი ბგერების ფონეტიკურ ასიმილაციას იწვევდა. მაგ. áȝan (ქონა, ყოლა; ფლობა) და áhte (ჰქონდა, ჰყავდა; ფლობდა). ეს ასიმილაცია ანალოგიურია ასიმილაციისა, რომელსაც ადგილი აქვს ზოგიერთ ანგლოსაქსურ არაწესიერ ზმნაში. მაგ. bусȝаn, bусȝеаn (ყიდვა) და bohte (იყიდა); þencan (ფიქრი) და þóhte (ფიქრობდა); brenȝаn (მოტანა) და bróhte (მოიტანა). (შდრ. ანალოგიური გოთურში). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები ერთგვარად შერეული ტიპისანი არიან: ძლიერი ტიპისანი აწმყო დროში (აქვთ ხმოვანთა მონაცვლეობა ძლიერ ზმნათა დარად) და სუსტი ტიპისანი ნამყოში (აქვთ დენტალური სუფიქსი სუსტ ზმნათა დარად).
ქვემოთ მოყვანილია ყველაზე ხშირად ხმარებული ანგლოსაქსური პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების სია.
ინფინიტივი |
áȝan
(ქონა, ყოლა; ფლობა) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
áh, áȝ |
აწმყ. დრ. მრ. რ. | áȝon |
ნამყ. დრ. მხ. რ. | áhte |
ნამყ. დრ. მრ. რ. | áhton |
მიმღ. II | áȝen |
ინფინიტივი |
cunnan
(ცოდნა; შეძლება, უნარის ქონა) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
can, con, cann, conn |
აწმყ. დრ. მრ. რ. | cunnon |
ნამყ. დრ. მხ. რ. | cúðe |
ნამყ. დრ. მრ. რ. | cúðon |
მიმღ. II | cunnen მიმღეობითი ზედს. cúð |
ინფინიტივი |
durran
(გაბედვა) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
dear, dearr |
აწმყ. დრ. მრ. რ. | durron |
ნამყ. დრ. მხ. რ. | dorste |
ნამყ. დრ. მრ. რ. | dorston |
მიმღ. II | - |
ინფინიტივი |
maȝan
(შეძლება, ძალის ქონა) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
mæȝ |
აწმყ. დრ. მრ. რ. | maȝon |
ნამყ. დრ. მხ. რ. | meahte, mehte, mihte |
ნამყ. დრ. მრ. რ. | meahton, mehton, mihton |
მიმღ. II | - |
ინფინიტივი |
mótan
(შეძლება, უფლების ან ნებართვის ქონა) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
mót |
აწმყ. დრ. მრ. რ. | móton |
ნამყ. დრ. მხ. რ. | móste |
ნამყ. დრ. მრ. რ. | móston |
მიმღ. II | - |
ინფინიტივი |
sculan
(ვალდებულების ან მოვალეობის ქონა; ʘ ვალდებულია; მოვალეა; მართებს) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
sceal, scal |
აწმყ. დრ. მრ. რ. | sculon, sceolon |
ნამყ. დრ. მხ. რ. | scolde, sceolde, scealde, scalde |
ნამყ. დრ. მრ. რ. | scoldon, sceoldon, scealdon, scaldon |
მიმღ. II | - |
ანგლოსაქსური პრეტ.-პრეზ. ზმნისთვის sculan (ისევე როგორც არაწესიერი ზმნისთვის willan) დამახასიათებელია დაბოლოება -t აწმყ. დრ.-ის მხ. რ.-ის მე-2 პირში: ðú scealt (ვალდებული ხარ; გმართებს). აღსანიშნავია, რომ ამ ფორმებში შემორჩენილია პროტოგერმანიკული ძლ. ზმნ.-ების პრეტერიტის მხ. რ.-ის დაბოლოება -t. შდრ. გოთ. þu gaft (შენ მიეცი), þu namt (შენ აიღე) და ა.შ.
შდრ. სხვა ანგლოსაქსური პრეტ.-პრეზ. ზმნ.-ების, მაგ. cunnan შემთხვევაში: ðú canst, ðú const (შენ შეგიძლია), სადაც -st გვიანდელი ფორმაციაა [< -s + þú].
ინფინიტივი |
unnan
(მოწონება; ʘ კმაყოფილია, ნასიამოვნებია) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
an, ann |
აწმყ. დრ. მრ. რ. | unnon |
ნამყ. დრ. მხ. რ. | úðe, úþe |
ნამყ. დრ. მრ. რ. | úðon, úþon |
მიმღ. II | (ȝe)unnen |
ინფინიტივი |
witan
(ცოდნა) |
აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი |
wát |
აწმყ. დრ. მრ. რ. | witon |
ნამყ. დრ. მხ. რ. | wisse, wiste |
ნამყ. დრ. მრ. რ. | wisson, wiston |
მიმღ. II | witen |
შენიშვნა: თანამედროვე ინგლისური ზმნები can, may, shall და სხვ. მომდინარეობს აწმყო დროის მხოლობითი რიცხვიდან. შდრ. ანგლოსაქსური (ძველინგლისური) can(n), mæȝ, sceal. თანამედროვე ინგლისური ზმნები ought და must კი ნამყო დროიდან მომდინარეობს და ამდენად ორგზის პრეტერიტო-პრეზენსულებად შეიძლება ჩაითვალოს (შდრ. ძვ. ინგლ. áhte, móste).