Corinthians I, chapter 15

Modern and Old Georgian translation
თანამედროვე ქართული
(საპატრიარქოს თარგმანი)
ძველი ქართული
(მცხეთური ხელნაწერი)
1. თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.
2. მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ.
3. რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,
4. დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,
5. და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს
6. ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა;
7. მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს;
8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.
9. რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას.
10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.
11. ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც.
12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?
13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.
14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.
15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები.
16. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.
18. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში.
19. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.
20. მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო.
21. ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც.
22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
23. მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24. და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს.
25. რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.
26. და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.
27. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.
28. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.
29. თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?
30. ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს?
31. მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
32. თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით.
33. ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.
34. ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ.
35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?
36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.
37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი.
38. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს.
39. ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.
40. არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.
41. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.
42. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
43. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.
44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.
45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.
46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.
47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.
48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.
49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.
50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.
54. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით;
55. სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“
56. ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული.
57. მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
1. ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ, რომელცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ.
2. რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყუაჲ გახარე თქუენ, უკუეთუ გაჴსოვს, გარნა თუ ცუდად რაჲმე გრწმენა.
3. რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს,
4. და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს,
5. და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ,
6. და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს,
7. მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა,
8. უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა.
9. რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა.
10. ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა.
11. აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ.
12. ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს?
13. უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს.
14. უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი.
15. ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდჳლვე მკუდარნი არა აღდგებიან.
16. რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი;
17. ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე.
18. და შესუენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე სამე-წყმდენ.
19. უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ.
20. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა.
21. რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ.
22. და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ.
23. ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა.
24. მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი.
25. რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.
26. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი,
27. რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი.
28. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.
29. უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს?
30. ანუ ჩუენ რაჲსა-მე-ღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა?
31. მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
32. უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!
33. ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი.
34. განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ.
35. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ?
36. უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის.
37. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი.
38. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი.
39. არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ,
40. და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ.
41. სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა,
42. ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით;
43. დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით;
44. დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი.
45. ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად.
46. არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი.
47. პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით.
48. ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი.
49. და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ.
50. ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს.
51. აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ
52. მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ.
53. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ.
54. ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა.
55. სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?
56. რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული.
57. ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
58. ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ.